"ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ რუსთავში არსებული საწარმო "ბაზალტ ფაიბერსი" დაათვალიერა. [ვიდეო/video]
მაჟორიტარობის კანდიდატი "ბაზალტ ფაიბერსის" 5-ვე საამქროში იმყოფებოდა და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. ლაცაბიძემ დეტალური ინფორმაცია მოისმინა, როგორც საწარმოს მუშაობის სპეციფიკისა და მასშტაბების, ისე კონკრეტული საჭიროებების შესახებ, რაც "ბაზალტ ფაიბერსს" კიდევ უფრო გაფართოებაში დაეხმარება.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, აქტიურად იქნება ჩართული მსგავსი ევროპული სტანდარტების მქონე საწარმოების განვითარების პროცესში.
"ამ საწარმოში 60 რუსთაველია დასაქმებული და მე მიხარია, რომ ეს რიცხი იქნება მზარდი და ძალიან ბევრ ადამიანს კიდევ ექნება დასაქმების შესაძლებლობა. მნიშველოვანია, რომ თვითონ საწარმოო პროცესი და პროდუქტი, რომელსაც აქ აწარმოებენ, არის ეკოლოგიურად სუფთა, გავლენას არ ახდენს გარემოზე. პროდუქტი გადის საექსპორტო მიმართულებითაც და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შიდამოხმარებისთვისაც გახდეს უფრო პოპულარული. ძალიან აქტიურად ვიქნები ჩართული, რომ ხელი შევუწყოთ მსგავსი ევროპული საწარმოების განვითარებას ჩვენს ქალაქში", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
როგორც "ბაზალტ ფაიბერსის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, საწარმო სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ამარაგებს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საერთაშორისო დონის პროექტებს.
"ვამზადებთ ახალი თაობის საარმირე მასალებს და არაწვად თბოსაიზოლაციო მასალებს, რომელიც ანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქციას. თანდათან ვაძლიერებთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტსაც. ათი სხვადასხვა ტიპის პროდუქტს ვაწარმოებთ, რომლითაც ვმონაწილეობთ როგორც სამრეწველო, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა პაატა გოგოლაძემ.