რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი მოეწყვეს.
აქციის მონაწილეებმა ტერიტორიაზე ციხის მშენებლობა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და თეა წულუკიანთან შეხვედრა მოითხოვეს. როგორც აქტივისტებმა განაცხადეს, მზად არიან რომ იუსტიციის მინისტრთან ღრმა დისკუსიაში შევიდნენ.
"რუსთავის განვითარების გეგმაში აღნიშნული ტერიტორია მოხსენიებულია, როგორც ინდუსტრიული ზონა და საკრებულოს თანხმობის გარეშე ამ ტერიტორიაზე ვერანაირად ვერ მოხერხდება ციხის აშენება. ანუ რა გამოდის, რომ ჩვენს მიერ არჩეულმა საკრებულომ ზონის შეცვლის ნებართვა უნდა გასცეს. მინისტრმა განაცხადა, რომ ღრმა დისკუსიები უნდა წავიდესო და ჩვენ, სამოქალაქო სექტორი მზად ვართ ჩავერთოთ ღრმა დსკუსიებში და არგუმენტირებულად დავასაბუთოთ, რატომ არ შეიძლება აღნიშნულ ლოკაციაზე ციხის მშენებლობა. აქ ციხე ვერ აშენდება და მოგიწოდებთ, რომ ამ ლოკაციას დავარქვათ "ვერაშენდა". თუ ასე მოხდება და ციხე ვერ აშენდება, ეს იქნება სრულიად სამოქალაქო სექტორის, ასევე ადგილობრივების დამსახურება და არც ერთი პარტიის, არც პოზიციისა და არც ოპოზიციის", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გივი შანიძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, ტერიტორიაზე ციხის ნაცვლად საგანმანათლებლო დაწესებულება, კერძოდ, უნივერსიტეტი უნდა აშენდეს.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ნუ მიიწერენ სამოქალაქო საზოგადოების მიერ გაკეთებულ საქმეს, იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივების პროტესტმა შედეგი გამოიღო და ჭყონდიდელის დასახლებაში ციხე არ აშენდა.
აქტივისტებმა ტერიტორიაზე საკნის მსგავსი კონსტრუქცია დაამონტაჟეს და აქციის დასასრულს თავად დაშალეს. მათი განცხადებით, ამით უნდოდათ ეთქვათ, რომ ციხის მშენებლობის გადატანა ჭყონდიდელის დასახლებიდან ისევე მარტივია, როგორც ხელოვნურად დამონტაჟებული საკნის დემონტაჟი იყო.
შეგახსენებთ, ციხის მშენებლობა ამ დროისთვის ჭყონდიდელის დასახლებაში შეჩერებულია, თუმცა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ რუსთავში კიდევ ერთი ციხე აუცილებლად აშენდება.