კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევიდან 3 კლინიკა "ავერსის" რუსთავის ფილიალის თანამშრომელია. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.
"ინფო რუსთავი" რუსთავში გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით კლინიკის დირექტორს, დიმა ჯორბენაძეს ესაუბრა. ჯორბენაძის განცხადებით, ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ის პირები მუშაობენ, რომელთაც ინფიცირებულებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ.
"გუშინ კლინიკის კიდევ 3 თანამშრომელს დაუდასტურდა ინფიცირება. ჯგუფი, რომელიც იმყოფებოდა კლინიკიდან ექსკურსიაზე მთლიანად გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმში. კლინიკაში დღეს დასაქმებულია მხოლოდ ის თანამშრომლები, რომელტა ტესტის პასუხიც უარყოფითია და ამავდროულად საერთოდ არ ჰქონდათ შეხება ექსკურსიაზე მყოფ პირებთან. ასეთია 20-მდე პირი", - განაცხადა დიმა ჯორბენაძემ.
ამ დროისთვის "ავერსის" რუსთავის ფილიალში, ჯამში, კორონავირუსული ინფექციის 5 შემთხვევაა დადასტურებული.
რაც შეეხება, დღეს გამოვლენილ სხვა შემთხვევებს, მარინა ეზუგბაიამ დეტალური განმარტება გააკეთა ინფიცირების წყაროების შესახებ.
"კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 12 „დონას“ კლასტერს უკავშირდება და ჯამში, ამ კლასტერში 32 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 3 დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, კიდევ 3 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის თანამშრომელია, 2 შემოტანილია, მათგან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 4 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ხოლო კიდევ 4 შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.