რუსთავში, მე-7 მიკრორაინში არსებული ხანძარი ლოკალიზებულია.
საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ცეცხლს მეხანძრე-მაშველები, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში აქრობდნენ.
"ინფო რუსთვის" ინფორმაციით, ცეცხლი მე-2 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა, სადაც დედა 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. მაშველებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დედისა და მცირეწლოვნების გამოყვანა ცეცხლმოკიდებული ბინიდან დროულად შეძლეს. ძლიერი დაკვამლიანება იგრძნობოდა სხვა საცხოვრებელ ბინებშიც. პოლიციის თანამშრომლებმა სხვადასხვა ბინებიდან რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს. [ვიდეო/video]
საერთო ჯამში, ხანძრის შედეგად დაშავებულ 5-მდე ადამიანს ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ერთი დაშავებული კი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელ.ენერგიის სადენი გამხდარიყო, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
კორპუსის ბინადრების თქმით მეხანძრეები ადგილზე დროულად გამოცხადნენ და ცეცხლის ლოკალიზებაც მალევე მოახერხეს.