პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, შატილის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 3 პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათ შორის, ერთ-ერთი რუსთაველი ხატია დევსურაშვილია.
როგორც ლევან რატიანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, გოგონას ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
"მტკივნეულზე ახელს თვალებს. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. ჯერჯერობით დადებითი დინამიკით ვართ. ყველაფერი კეთდება, რომ ყველაფერი კარგდ ჰქონდეს ამ გოგონას", - განაცხადა ლევან რატიანმა.
რატიანმა კომენტარი გააკეთა სამივე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც.
"მათი მდგომარეობა არის დადებითი კლინიკით, პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია. ჰემოდინამიკა სამივე პაციენტთან აღდგენილია, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალს, მას გუშინ სახის ძვლების რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაუტარდა, მისი მდგომაროება რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მართალია ძალიან გრძელი გზა ექნებათ გამოჯანმრთელების გასავლელი, მაგრამ იმედია, რომ მათთან ერთად გადავლახავთ ამას", - თქვა რატიანმა.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ერთ-ერთი გარდაცვლილი სწორედ რუსთაველი ხატია დევსურიშვილის დაა, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს.