რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა. [ვიდეო/video]
დღევანდელ ექსპერტიზას გარდაცვლილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი, ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, კომპანია „ჰიუნდაის" წარმომადგენელი და საქმის პროკურორი ესწრებოდნენ.
როგორც ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, გარდაცვლილი გოგონას ავტომობილს არ აღმოაჩნდა კომპიტერული მონაცემთა ბაზა, რაც საფუძვლიანი ინფორმაციის მიღებას გახდიდა შესაძლებელს, თუმცა მისი თქმით, პირველადი ტექნიკური დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ ავტომობილს აქავს მიღებული გარკვეული ტიპის დაზიანება, რომელიც ოჯახის მტკიცებით, 23 წლის გოგონას გაუჩინარებამდე მანქანას არ უფიქსირდებოდა. გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გოგონას გადაადგილებისას ავტომობილის ფანჯრებზე მინები აწეული ჰქონდა, თუმცა არ სარგებლობდა კონდიცირებით, რაც ოჯახს გარკვეულ ეჭვებს უჩენს.
ექსპერიზის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გარდაცვლილი პროგრამისტის მამამ. ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, მანქანიდან გამქრალია ე.წ. ფლეშკა, რომელიც თამარს გასაღებზე ჰქონდა დამაგრებული და მუდმივად თან ატარებდა. როგორც თამარ ბაჩალიაშვილის მამამ განაცხადა, აღნიშნულ მეხსიერების ბარათზე შესაძლოა ყოფილიყო ინფორმაცია, რომელიც 23 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეს თავდაყირა დააყენებდა. გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ "ფლეშკა გააქრეს".
აღნიშნული საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის ინფორმაციით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამ არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მათ შორის, აღჭურვილი იყო თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ავტომობილი Gps, ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. როგორ მუშაობს ავტომობილის ჩამკეტი და გამხსნელი მექანიზმი, რა მდგომარეობაში იყო შემთხვევის ადგილზე ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა, ასევე შემთხვევის ადგილზე დატოვებული ორი პარალელური კვალი შეესაბამება თუ არა ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტვიფარი შეესაბამება თუ არა ავტომობილის საბურავს.
ექსპერტიზა სამხარეო პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როდის იქნება საბოლოო დასკვნის შედეგები ცნობილი, ეს ჯერჯერობით უცნობია.