ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა იწყება

2020-08-31 12:21:35

რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დაიწყო.

სამხარეო პოლიციის ტერიტორიაზე ექსპერტიზას ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი და 23 წლის გოგონას მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ესწრება. ოჯახის მოთხოვნა პირველივე დღეებიდან იყო, რომ გოგონას ავტომობილს ექსპერტიზა მათი თანდასწრების გარეშე არ ჩატარებოდა.

ექსპერტიზას ესწრება კომპანია “ჰიუნდაის” წარმომადგენელიც.

როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დღეს ავტომობილთან მიმართებაში გარკვეული ტექნიკური დეტალები შემოწმდება. მაგალითად, გაირკვევა, რამდენი კილომეტრი გაიარა 18 ივლისის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილმა და აღემატება თუ არა ეს რაოდენობა იმ მანძილს, რაც გოგონას თბილისიდან იმ ადგილთან მოსახვედრად დასჭირდებოდა, სადაც გარდაცვლილი იპოვეს.