რუსთავში თოჯინების თეატრის ადგილზე კორპუსი აშენდება

2020-08-27 00:09:36

რუსთავში, თოჯინების თეატრის ადგილზე კორპუსი აშენდება.

VIII მიკრორაიონში, იქ სადაც ამჯერად მიტოვებული შენობაა და წლების წინ ბავშვები თოჯინების სპექტაკლების სანახავად დაჰყავდათ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება. ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც გაირკვა მიწა, მასზე არსებული შენობით წლების წინ, წინა მთავრობის დროს გასხვისდა, დღეს კი აღნიშნულ ადგილზე ინვესტორი სახლის აშენებას აპირებს რის ნებართვასაც სწორედ საკრებულოსგან ითხოვდა.

ტერიტორიაზე სახლის მშენებლობისთვის თანხმობის გაცემას ხმაური და კამათი "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის მოხდა.

ამირან ჯანჯღავას თქმით, მას ვინც თავის დროზე თოჯინების თეატრის შენობა გაასხვისა არ უყვარს ქალაქი, არ უყვარს რუსთაველები და არ უყვარს ბავშვები, რადგან ბავშვებს ბავშვობა და თეატრი წაართვა.

კოლეგის გამოსვლას ოპონენტის პასუხი მოჰყვა. გურამ ლაცაბიძემ ამირან ჯანჯღავას შეახსენა რომ ხელისუფლებაში დღეს ისინი არიან და თუ რამე უკანონოდ მოხდა მათ ხელშია სამართალდამცავი სტრუქტურები და პროკურატურა, ამიტომ კრიმინალი აქამდეც უნდა დასჯილიყო. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ მოხდა ცვლილება 2012 წელს, განაცხადა ლაცაბიძემ.

"ინფო რუსთავი"-სთვის ცნობილი გახდა რომ ინვესტორი მზად იყო 50 000 ლარის ღირებულების ფარგლებში კეთილმოეწყო ნებისმიერ ტერიტორიაზე არსებული სკვერი ან განეხორციელებინა მსგავსი სამუშაოები. თუმცა საკრებულოს გადაწყვეტილებით კომპანიას დაევალა რომ უკვე აშენებულ კორპუსში პირველ, მეორე და მესამე სართულზე მოაწყოს გასართობი სივრცეები, მათ შორის შესაძლებელია გაკეთდეს კინოთეატრი. კომპანიაში აცხადებენ რომ მზად არიან, დროებით საკუთრებაში დაუთმონ ფართი ისეთ ორგანიზაციას რომელიც გასართობ სივრცეს მოაწყობს, მათ შორის ეს შესაძლოა იყოს კინოთეატრი კავეა, ტერიტორიის მესაკუთრეები აცხადებენ რომ მათთან მოლაპარაკებებისთვის მზად არიან.

თოჯინების თეატრის ადგილზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა სავარაუდოდ წლის ბოლომდე დაიწყება.