საჯარო ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 14 სექტემბერს დაიწყება.
უკვე ცნობილია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში უკვე გაიწერება ყველა ის პროტოკოლი, რომელიც საბავშვო ბაღებში მომუშავე პერსონალმა უნდა დაიცვას.
"იქნება თუ არა ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო"- ამ კითხვით "ინფო რუსთავს" აღსაზრდელების მშობლებმა მიმართეს და საკითხის გარკვევა სთხოვეს.
აღნიშნული კითხვით საინფორმაციო სააგენტომ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა.
უწყებაში ამბობენ, რომ ბაღში აღსაზრდელებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება, თუმცა სამინისტროში აცხადებენ, რომ მკაცრად გაკონტროლდება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.
"სავალდებულო იქნება ფილიალების შესასვლელებში სადეზინფექციო ბარიერების განთავსება და ტემპერატურის გაზომვა. მოხდება ასევე აღსაზრდელების ხელების დეზინფიცირება. ამ ეტაპზე სხვა რეკომენდაციები ბაგა-ბაღებისთვის ჯერ-ჯერობით შემუშავებული არაა",-განუცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში ინფო რუსთავს.