რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მამაკაცი 41 წლის დავით ბოსტოღანაშვილია. როგორც მისმა დამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში სწორედ ამ მამაკაცმა გააჩინა. [ვიდეო/video]
მისი დის მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დავით ბოსტოღანაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო, რომელსაც ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. როგორც გარდაცვლილის დამ გვიამბო, ბოლო პერიოდში მისი ძმა საცხოვრებელი სახლის გადაწვით იმუქრებოდა, ოჯახმა დახმარების თხოვნით რამდენიმე ფსიქიატრიულ კლინიკასაც მიმართა, სადაც მამაკაცის მიღებაზე უარი განაცხადეს, ვინაიდან ის ეტლით მოსარგებლე გახლდათ.
ხანძარის გავრცელება მე-7 სართულზე არსებული ერთი საცხოვრებელი ბინიდან მეორეზე მოხდა. ორივე სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა.
საცხოვრებელ ბინაში, რომლეშიც ცეცხლი თავდაპირველად გაჩნდა, 41 წლის მამაკაცი, მისი და და დედა იმყოფებოდა. მეორე სახლში კი დედა ორ მცირეწლოვანთან ერთად იყო.
საცხოვრებელ კორპუსში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაციაც. დაშავებულ პირებს გადაუდებელი დახმარება ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს, მათ შორის იყო 2 მცირეწლოვანიც.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. შემთხვევის ადგილზე იმყპფებოდა კრიმინალური პოლიცია.