BBC-ის ინფორმაციით, ჰაკერები ირწმუნებიან, რომ Disney-ის ჯერ კიდევ გაუსაჯაროებელი ფილმი მოიპარეს და სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვენ. სტუდიის ხელმღძვანელის, ბობ აიგერის თქმით, კომპანია თანხის გადახდას არ აპირებს და ფედერალურ ბიუროსთან ერთად ცდილობს გამოიძიოს ეს საქმე. ბობ აიგერს არ დაუსახელებია კონკრეტულად რომელ ფილმზეა საუბარი, მაგრამ დასავლურ მედიაში ვარაუდობენ, რომ ჰაკერებმა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-5 ნაწილი „მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან“ მოიპარეს. მისივე განცხადებით, ჰაკერებმა თანხა ბიტკოინებში მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფილმის ინტერნეტში ჩაშვებით იმუქრებიან. „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მე-5 ნაწილის პრემიერა 26 მაისსაა დაგეგმილი.