ფიტნეს დარბაზებისთვის რეგულაციების სამუშაო ვერსია მომზადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა.
როგორც ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლები აცხადებენ, გარკვეულ მოთხოვნებზე სექტორისა და ხელისულების წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა, არის გარკვეული პუნქტები რომელზეც შეთანხმება ამ ეტაპზე მიღწეული არ არის.
კერძოდ, ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც განსაკურებით მნიშვნელოვანია სექტორისთვის, და რომლის შეცვლასაც ითხოვენ არის კლუბში დასაშვები ადამიანების რაოდენობა. სამუშაო ვერსიის თანახმად, 8 კვ. მეტრზე მხოლოდ ერთი ადამიანის დაშვება იქნება შესაძლებელი, თუმცა, სექტორის წარმომადგენლების თქმით, კრიტიკულად ამცირებს კლუბის შემოსავლებს.
ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის პირბადის გამოყენება, როგორც „ოქტოპუს ფიტნეს კლუბის“ დირექტორმა გიორგი ასათიანმა განაცხადა, მოქალაქეებს სავარჯიშო ზონაში პირბადის გამოყენება არ მოუწევთ.
„მოვარჯიშეებს სავარჯიშო ზონაში პირბადის გამოყენების ვალდებულება არ ექნებათ. ამის შესახებ შეთანხმებას მივაღწიეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ფიტნეს დარბაზში შემოსვლისას, თუ სხვა, არასავარჯიშო სივრცეში მოძრაობისას, პირბადის ტარება აუცილებელი იქნება. ასევე შეთანხმება შედგა საშხაპეებისა და გასახდელების გამოყენებაზეც. კერძოდ, ყოველი მეორე გასახდელი იქნება დალუქული რომ სოციალური დისტანცია იყოს დაცული. ასევე შევთანხმდით, ტრენაჟორების გადალაგებაზე ან ტიხრების გაკეთებაზე,“-აღნიშნა ასათიანმა.