რუსთავის ცენტრალურ პარკში საღამოს 7 საათის შემდეგ ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა.
რა გახდა ამ აკრძალვის დაწესების მიზეზი, ამის გასარკვევად რუსთავის სერვის ცენტრის ხელმძღვანელს გიორგი გოროზიას დავუკავშირდით.
"გადავწყვიტეთ, რომ საღამოს 7 საათის შემდეგ არ შევიდნენ ველოსიპედები პარკში.
ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე მივიღეთ, რადგან პარკში ძირითადათ ოჯახებით ისვენებენ, პატარა ბავშვებთან ერთად და რომ არ მოხდეს რაიმე ინციდენტი.
იყო მითითება, რომელსაც ველოსიპედისტები არ ემორჩილებოდნენ და სწრაფად დადიოდნენ, აქედან გამომდინარე მივიღეთ ეს გადაწყვეტილება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გიორგი გოროზიამ.
გიორგი გოროზიას თქმით, პარკში სწორედ საღამოს 7 საათის შემდეგ მიდის დამსვენებელთა დიდი ნაწილი.
რამდენიმე დღის წინ რუსთავის პარკში ველოსიპედისტებმა ბავშვები გაიტანეს და ერთ-ერთი მათგანისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაც გახდა საჭირო.
რუსთავის სერვის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ასეთი შემთხვევები წინა წლებშიც ფიქსირდებოდა და სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად 7 საათის შემდეგ პარკში ველოსიპედით გადაადგილება აიკრძალა.