მოგებული პრიზი თუ თაღლითური შემოთავაზება

2020-05-10 00:40:18

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ადამიანებს ბევრი დამღლელი პროცესი გაუადვილა და დღეს სახლიდან გაუსვლელად უამრავი სერვისის მიღება სწრაფი და მარტივი გახადა.

თუმცა, სამწუხაროდ, ამ დადებით მხარეებს თან მოჰყვა ის საფრთხეები, რომლითაც ადამიანებმა შესაძლოა ფინანსური ზარალიც კი მიიღონ.

ბოლო წლებში გახშირებულია ფიშინგი, რომელსაც საქართველოშიც უამრავი მსხვერპლი ჰყავს.

ფიშინგი (fishing) ინტერნეტ-თაღლითობის და კიბერ დანაშაულებრივი ფორმაა, ელ-ფოსტის ან სხვაგვარი შეტყობინებების გაგზავნა ცნობილი რეალური ორგანიზაციის სახელით ან ლოგოთი, რომლის მთავარი ამოცანა პიროვნების პერსონალური მონაცემების მიღებაა, რომლებსაც შემდეგ მის საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. მოიპარავს თანხას ანგარიშებიდან და ასე შემდეგ.

ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში ბევრი ადამიანი გუგლისგან საპრიზო შეთავაზებებს ღებულობს, რითაც რამდენიმე ადამიანი მოტყუვდა და ფინანსურადაც იზარალა.

"ინფო რუსთავმა" იპოვა პიროვნება, რომელმაც საინფორმაციო სააგენტოსთან მისი 55 წლის მამის ცუდი გამოცდილების შესახებ ისაუბრა.

ქეთი ქოქაშვილმა ჩვენთან დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ მიუვიდა მამამის შეტყობინება და რა ეტაპის გავლა მოუწია "პრიზის " მისაღებად.

"დილით 8საათზე მამაჩემმა გამაღვიძა მოდი აიფონი მოვიგეო, ნომერი შევიყვანეო. ერთადერთი რაც გავიფიქრე და დავუძახე ანგარიშის ნომერი არავის მიწეროთო. სანამ ავდექი და მივედი, ბილაინის ნომერი შეყავდა. ვუთხარი, რომ თანხას ჩამოაჭრიდნენ, არ დარეკოთქო, მაგრამ ისეთი აჟიტირებული იყო არ დამიჯერა. 2 თუ 3 ლარი ჰქონდა ანგარიშზე და ეგრევე ჩამოაჭრა",-  განაცხადა ინფო რუსთავთან საუბრისას ქეთი ქოქაშვილმა.

მისი თქმით მამამის Google Chrome-დან  მიუვიდა შეტყობინება, სადაც ატყობინებდნენ, რომ Iphone 11 pro მოიგო და პრიზის მისაღებად 5 მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემას სთხოვდნენ.

კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ოპერატორის ჩატი გამოჩნდა, სადაც მობილური ტელეფონის ნომერი შეიყვა. რამდენიმე წამში კი მობილურზე უცხო ნომრიდან ზარი შეუვიდა, რომელიც მალევე გაითიშა. ქეთის მამამ შემოსულ ნომერზე გადარეკა, რის შემდეგაც სატელეფონო კომუნიკაცია, ისე, რომ  ხმა არავის არ ამოუღია, მალევე შეწყდა და ტელეფონის ანგარიშზე არსებული მთლიანი თანხა გაუნულდა.
ქეთის მამა ერთადერთია არაა, ვინც Iphone 11 pro-ს მოგებით მოიხიბლა და მოტყუებული დარჩა.

სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი წერს ამ თაღლითური შემოთავაზების შესახებ და მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ მათი მსხვერპლი არ გახდნენ, თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ადვილად იჯერებენ ასეთ მომხიბვლელ შემოთავაზებებს და ფინანსურ ზარალსაც ღებულობენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები