1 ღამეში დაჯარიმებული 50-მდე რუსთაველი

2020-04-03 00:34:49

ინფო რუსთავის ინფორმაციით, 30 აპრილს, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, რუსთავში, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 50-მდე მოქალაქე დააჯარიმეს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის დროს, წესების დარღვევისთვის 350-მდე პირი დააჯარიმა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, აპრილის თვეში, რუსთავში დაწერილი ჯარიმის ოდენობა მილიონ ლარს გასცდა.

სამართალდამცავებმა რუსთაველები ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტებზე, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო ასევე მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის დაჯარიმეს. 15 000 ლარიანი ჯარიმა გამოეწერა ერთ იურიდიულ პირს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.