კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვტილებით, 28 აპრილის 21:00 საათიდან, 4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გასვლა ისევ აკრძალა.
27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, აღნიშნულ ქალაქებში შესვლა და გასვლა გარკვეული პირებისთვის დასაშვები იყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ ამ ქალაქების ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სხვა მუნიციპალიტეტებში (მაგალითად, ხაშურში). თუმცა, ის პირები, რომლებიც დატოვებენ ზემოაღნიშნულ ქალაქებს (მუნიციპალიტეტებს) და გაემართებიან რეგისტრაციის ადგილას, ვეღარ შეძლებენ ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) დაბრუნებას.
თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც ამ ქალაქებში (მუნიციპალიტეტებში) არიან რეგისტრირებულნი (და არა ფაქტობრივად მცხოვრებნი).
იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ფაქტობრივად ცხოვრობენ ან რეგისტრირებული არიან ჩაკეტილ ქალაქებთან (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი) მოსაზღვრე ან მასთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირის მქონე დასახლებებში (მაგალითად წოდორეთი, მუხათწყარო, ნაფეტვრები და ა.შ.) გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (144)
რა ვადით მოქმედებს შეზღუდვები?
"მანამ, სანამ მთავრობა არ იტყვის კონკრეტულ თარიღს, ეს ოთხი ქალაქი ისევ იქნება დაკეტილი ანუ ამ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა იქნება აკრძალული", — განაცხადა ნათია მეზვირშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე კომენდანტის საათი ძალაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, 22 მაისამდე რჩება.
როგორ მოვიქცე თუ მესაჭიროება სამედიცინო მომსახურება ჩაკეტილ ქალაქში?
სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე (1505).
გვჭირდება გადაადგილება სამსახურებრივი მიზნით. ვის მივმართოთ?
სამსახურებრივი მიზნით, საგამონაკლისო წესით, გადაადგილება დასაშვებია. ასეთი საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დაწესებულებები, საწამოები, ეკონომიკური სუბიექტები მიმართავებს შესაბამისი დარგის სამინისტროებს, რომლებიც თავის მხრივ, გადაადგილების უფლების მქონე პირთა სიას ათანხმებს ოპერაციულ შტაბთან.
რა ტიპის დოკუმენტაცია უნდა წარვადგინო საკონტროლო გამშვებ პუნქტთან, რომ შემიშვან ჩაკეტილ ქალაქში (მუნიციპალიტეტში)?
უნდა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში (მაგალითად ექიმი, ადვოკატი და ა.შ.) საქმიანობის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობა.
რუსთაველებს ქალაქიდან გასვლა და შემოსვლა კიდევ ერთი მიზეზით შეუძლიათ, კერძოდ:
29 აპრილიდან, რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული საშვით შეძლებენ.
საჩვის მიღების მსურველებმა განაცხადი რუსთავის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ მისამართზე უნდა გააგზავნონ.
ცნობის მისაღებად საჭირო საბუთებია: პირადობის მოწმობის ასლი; მიწის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ქირავნობის ან იჯარის ხელშეკრულება
თუ მიწის ნაკვეთი არის იურიდიული პირის საკუთრებაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. იურიდიული პირის მიერ, გადაადგილების მსურველ პირზე გაცემული ცნობა, მასზედ რომ აღნიშნული პირი ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას იურიდიული პირის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
საჭირო საბუთები, რომელიც განაცხადს უნდა დაურთოთ:
გადაადგილების მსურველი პირის პირადობის მოწმობის ასლი
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი
მძღოლის პირადობის მოწმობის ასლი
გაცემული საშვით მოქალაქეებს ქალაქიდან გასვლა დილის 06:00-08:00 სთ-მდე, ხოლო ქალაქში დაბრუნება საღამოს 18:00-19:00 სთ-მდე შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ განაცხადის ფორმა ქალაქიდან გასვლის მსურველმა პირებმა 12 საათით ადრე უნდა შეავსონ. საშვის მიღების დადებითი ან უარყოფითი პასუხი ელექტრონულად გაიგზავნება.
განაცხადის ფორმის შესავსებათ ნახეთ ბმული.