სააღდგომო ლიტურგია რუსთავის ტაძრებში [video]

2020-04-19 00:55:25

რუსთავში არსებული ტაძრების ნაწილში სააღდგომო ლიტურგია აღევლინება. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი რუსთავის ხარების, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის, წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობისა და  რუსთავის სიონის ტაძრებში იმყოფებოდა. ტაძრებში მთავრობისა და ჯანდაცვის სექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციები მეტწილად დაცულია.

ეკლესიებში სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად მრევლი კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ძირითად შემთხვევაში ფეხით მივიდა და დილის 6 საათამდე იქ დარჩება. მომლოცველების ძირითადი ნაწილი ეზოებში, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, მონიშვნებზეა განლაგებული, უფრო მცირე ნაწილი კი სოციალური დისტანციის დაცვით ტაძარებში იმყოფება. ასევე, მორწმუნეების სააღდგომო ლიტურგიაზე პირბადის გარეშე ყოფნა საინფორმაციო სააგენტოს გადამღებ ჯგუფს არ დაუფიქსირებია. 

რუსთავის ხარების ტაძრის ეზოში მრევლისთვის განთავსებული იყო სკამები. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტაძრების წინამძღვრების გადაწყვეტილებით, შესასვლელი ჭიშკრები 21:00 საათზე ჩაიკეტა. მომლოცველებს ტაძარში არც შესვლის და არც გამოსვლის უფლება დილის 6 საათამდე არ ექნებათ. 

"ინფო რუსთავი" ეკლესიების წინამძღვრებს ესაუბრა. ხარების ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ ჭაბაშვილის თქმით, ხალხის სიმცირე წინა წლებთან შედარებით შეინიშნება. სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ კვირაში ეზიარნენ, სააღდგომო ლიტურგიაზე დასასწრებად არ მივიდნენ, რადგან მათ ამის მითითება ჰქონდათ.

"რისკს ვერ ვხედავ, ღია ცის ქვეშ ვატარებთ. ხალხი არის მოსული პირბადეებით, ხელთათმანებით, დისტანციის დაცვით. დიდი იყო რისკი და ეროვნულ ბანკში ხალხი დაინფიცირდა, თუმცა დახურულ სივრცეში ფულის დათვლა არავის აუკრძალავს. დაინფიცირებული ხალხი მოდის ეკლესიაში ალბათ, არ ვიცით, მათ ეს შუბლზე არ აწერიათ, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ, როგორც სახელმწიფო ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენ ვართ უფლის მსახურები და კეკლუცობაში კი არ ვჭირდებით ღმერთს, მსახურებაში ვჭირდებით. არავის მოვუწოდებდით მოდით ან არ მოხვიდეთ, ვინც არის მოსული, ყველა თავის ნებით მოვიდა. საჯარო მოხელეები, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ აქ ეზიარებოდნენ, არ მოვიდნენ იმიტომ, რომ მათ ამის მითითება აქვთ", - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა.

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარის ხწინამძღვრის, დეკანოზ პაატა თავართქილაძის თქმით, ის ვერ მისცემდა თავს უფლებას მრევლისთვის ეკლესიაში არ მისვლისკენ მოეწოდებინა.

"ჩვენ სრულყოფილად ვასრულებთ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციებს. ხალხი ძალიან მცირეა, წლების წინ აქ იმდენი ხალხი მოდიოდა, ტევა არ იყო. დღეს კი ყველაფერი ნათელია, რაც ხდება. სულ რაღაც 30-40 ადამიანი იმყოფება ტაძარში, რომლებიც დაიცავენ აუცილებელ დისტანციას. ტაძარში არის გახმოვანება. ყველას თავისი აზრი გააჩნია, მე მაინც ვიხრები იქით, რაც იყო საპატრიარქო დადგენილება. მე ვერ მივცემდი ჩემს თავს უფლებას, რომ ჩემი მრევლისთვის მომეწოდებინა, არ მოსულიყო ეკლესიაში", - აცხადებს დეკანოზი პაატა თავართქილაძე.

სააღდგომო ლიტურგიაზე რუსთავის ტაძრებში არსებული ვითარების შესამოწმებლად იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი. რეხვიაშვილმა სასულიერო პირებს იმისთვის, რომ რეკომენდაციების დაცვა უზრუნველყვეს, მადლობა გადაუხადა. 

ყველა ჩამოთვლილ ეკლესიასთან მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და სამართალდამცველები ადგილზე წესრიგის დაცვას აკონტროლებენ.