დიდი სუპერმარკეტები დაჯარიმდნენ

2020-04-17 19:36:14

სოციალური დისტანციის დარღვევისთვის "კარფური" და "გუდვილი" 15-15 ათასი ლარით დააჯარიმეს. მიზეზი სოციალური დისტანციის დარღვევაა, რომელიც მთავრობისგან კომპანიებს აქვთ დაკისრებული. ინფორმაციას ipn.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, მაღაზიებთან დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო. მოსახლეობას პროდუქტების შესაძენად საკმაოდ გრძელ რიგში უწევდა დგომა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელიც მომხმარებლებს შორის სოციალური დისტანციის დაცვის ორგანიზებას ცდილობდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კომპანია “კარფური” “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” ოპერირებას დროებით აჩერებს.

როგორც "კარფურის" განცხადებაშია აღნიშნული, ორი ჰიპერმარკეტი 22 აპრილამდე დაიკეტება. ამის მიზეზი კი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაა.

კომპანიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ:

ძვირფასო მომხმარებლებო, მთავრობის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვას, კომპანია “კარფურის” ორი ჰიპერმარკეტი, “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში” აჩერებს ოპერირებას 22 აპრილამდე.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ ჰიპერმარკეტებამდე მომხმარებელი ძირითადად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რისი უფლებაც დროებით შეზღუდულია.

ჰიპერმარკეტები მუშაობას 22 აპრილიდან განაახლებენ, ხოლო კარფურის ყველა დანარჩენი ფილიალი აგრძელებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში, აქვე გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ კარფურის თავდადებულ გუნდს, რომლის თითოეული წევრი თავდაუზოგავად უდგას გვერდით არა მარტო კომპანიას, არამედ მთელს ქვეყანას.

ასევე, მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, მოთმინებისა და ჩვენდამი გამოხატული ნდობისთვის. თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია" - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება რუსთავში არსებულ კარფურს, სუპერმარკეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.