ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი მრევლის ხელშია.
"ამ ეტაპზე გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არაა დამოკიდებული და დამოკიდებულია იმ პიროვნებებზე, რომლებსაც ახლა ვუსმენდით ბრიფინგზე, პირველ რიგში საზოგადოებაზე და უახლოეს სამი დღის მანძილზე – მრევლზე. მრევლი გადაწყვეტს ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.
"ყველა ტრადიცია იმისთვის გვაქვს და იმისთვის ვამაყობთ, რომ შევინარჩუნოთ და გვყავდეს ჯანსაღი, ბედნიერი მოქალაქეები. თუ ეს ტრადიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ასეულობით და ათასეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს, ამ ტრადიციაზე ცოტა ხნით უარი უნდა ვთქვათ. ნუ დავცდით ბედისწერას, გავაკეთოთ ძალიან მარტივი რამ, მართალია ჩვენი ტრადიციებისთვის არის უცხო, მაგრამ მთელს მსოფლიოში არის აღირებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არც რელიგიური ინსტიტუტები და არც თვით ღმერთი არ დაიწუნებს, მხოლოდ მოიწონებს თუ ჩვენ დავრჩებით სახლში და წლევანდელ რელიგიურ დღესასწაულებს განსხვავებული ფორმატით შევხვდებით, მათ შორის საფლავზე გასვლის ტრადიციასაც”, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.