"დღესვე გამკაცრდება წესები"

2020-04-16 15:02:02

"მე ეს თქვენგან მივიღე ცნობად, არ ვიცოდი, მაღაზიებში წესების დარღვევას ასეთი მასიური სახე თუ ჰქონდა. დღესვე გამკაცრდება წესები",- ასე უპასუხა ქვემო ქართლის რწმუნებულმა ინფო რუსთავის კითხვას, რომელიც ქალაქის მაღაზიებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დარღვევას ეხებოდა.

"მე ვიცი, რომ ძალიან აქტიურად არის მოხალისეები და თვითმართველობა ჩართული ამ რეგულაციებში. მათ შორის თვითონ სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაც არის დაიცვან წესები.

ამიტომ ეს მე ცნობად მივიღე თქვენგან, დღეს რასაც  მეუბნებით, იმიტომ, რომ არ ვიცოდი ესე მასიური სახე თუ ჰქონდა. დღესვე გამკაცრდება წესები, თუ ეს რეალურია. მე არ მაქვს ეგ ინფორმაცია, მე ვიცი რომ ყველგან დაცულია დისტანცია. თუ სადღაც რაღაცა მოეშვა დღეს ამის დრო არ არის. იმიტომ, რომ ქვეყანაში მასიური გავრცელებებია და ყველამ უნდა დაიცვას შესაბამისი ზომები",- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რამდენიმე დღეა ინფო რუსთავს უკავშირდებიან რუსთაველები და ამბობენ, რომ ქალაქის მაღაზიებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვა არ ხდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები