რუსთავის მაღაზიებში ფასების მონიტორინგი ტარდება

2020-02-13 14:22:51

"ძირითად სასურსათო პროდუქტებზე, ფასების მონიტორინგი ყოველდღიურად ხორციელდება" - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.

მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, მაღაზიებში მონიტორინგი უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს და არცერთ პროდუქტზე ფასის ზრდა არ შეინიშნება.

"დიდ ქსელებში ყოველდღიურ მონიტორინგს ვატარებთ სპეციალური პროგრამით. სამინისტროდან გვაქვს სპეციალური ცხრილი და იმის მიხედვით ხდება ფასების შემოწმება. ამ ცხრილში პირველადი მოხმარების, ძირითადად ყველა პროდუქტია შეყვანილი. ფასების მატება არცერთ ქსელში არ შეინიშნება, პირიქით, ზოგ პროდუქტზე კლებაა. ფასების მონიტორინგი მიმდინარეობს ქვემო ქართლში და შესაბამისად მოწმდება ასევე ხორცის და რძის საწარმოები. მაღაზიებში ვამოწმებთ სანიტარული ნორმების დაცვა და რეკომენდაციების გათვალისწინება რამდენად ხდება, რაც არის გაცემული საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ჩვენი მთავრობის მიერ", - განაცხადა მირანგულა ლიპარტელიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შენარჩუნებას პირდაპირი სუბსიდირების გზით გეგმავს, რაზეც 10 მილიონი ლარის დახარჯვა არის უკვე გათვალისწინებული.  ეს სასურსათო პროდუქტებია - ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი. იმ შემთხვევაში, თუ მაღაზიები ძირითად სასურსათო პროდუქტებზე გაზრდიან ფასს, რომლის სუბსიდირებასაც საქართველოს მთავრობა ახდენს, დაჯარიმდებიან. ნახეთ ბმული