რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს, მის მოადგილეებს, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს ორ კვირიანი თვითიზოლაციის ვადა გუშინ, 10 აპრილს ამოეწურათ.
20-მდე პირიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა ამ ხნის განმავლობაში არც ერთს არ გამოუვლინდა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძის თქმით, სხდომები მალე განახლდება, თუ რა ფორმატში, ეს ერთობლივი მოლაპარაკების გზით გადაწყდება.
“დღეიდან დასრულდა თვითიზოლაციის პერიოდი, რომელსაც საკრებულოს დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები მკაცრად ვიცავდით. მიხარია, რომ არც ერთ შემთხვევაში არანაირი სიმპტომი არ გამოვლენილა და დღეიდან შეგვიძლია ქალაქში გადაადგილება, რა თქმა უნდა, იმ წესების დაცვით, რასაც ყველა მოქალაქე იცავს საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის პირობებში. რაც შეეხება სამუშაო რეჟიმს, საკრებულოს აპარატის მუშაობა მანამდეც გადასული იყო დისტანციურ რეჟიმში, გარდა სხდომის დღისა და ისიც შეზღუდულად. ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით თუ რა ფორმით ჩატარდება მომავალი სხდომები და ამის შესახებ ვაცნობებთ საზოგადოებასაც”, - განაცხადა “ინფო რუსთავთან” ნინო ქავთარაძემ.
რუსთავის საკრებულოდან 20-მდე პირი თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა. ის 27 მარტს საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც კომუნიკაცია არაერთ ადამიანთან ჰქონდა.
დაინფიცირებულია დეპუტატის 2 მცირეწლოვანი შვილი. რუსთავის საკრებულოს წევრი და მისი შვილები ე.წ. "ფულის კლასტერთან" არიან კავშირში, კორონავირუსი ჯერ დეპუტატის დედას დაუდასტურდა, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.