საგანგებო მდგომარეობა და ახალი რეალობა

2020-04-14 23:10:44

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა 24 მარტიდან აკრძალულია. შეჩერებულია ასევე ავტობუსების და მატარებლის მოძრაობაც. დასაშვებია მხოლოდ საკუთარი ავტომობილით გადაადგილება. ისიც 3 მგზავრით (მძღოლის ჩათვლით) შესაბამისად რუსთაველების უმეტესი ნაწილი სააღდგომოდ სოფლებში წასვლას ვერ მოახერხებს.

“24  წლის განმავლობაში პირველად ვერ წავალ სოფელში და ვერ გავალ მშობლების საფლავზე, ტრანსპორტი არ დადის, საკუთარი ავტომანქანა კიდე არ მყავს, ვერც ვერავის ვთხოვ ამ სიტუაციაში რომ წამიყვანოს, ძალიან ვწუხვარ ამის გამო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს, სახლში დავანთებ სანთელს"- აცხადებს აზა გელაშვილი.

"გული მიკვდება როცა წარმოვიდნენ, რომ წელს დედაჩემის საფლავზე ვერ გავალ. ვერ ვახერხებ რაიონში წასლას, ტრანსპორტი არ დადის. ვერც ვერავის გავყვები რადგან მანქანაშიც სამზე მეტი ადამიანის ყოფნა იკრძალება, აქ გავაკეთებ საკურთხს და დავანთებ სანთელს და როგორც კი მოიხსნება საგანგებო მდგომარეობა და დაინიშნება ტრანსპორტი იმ დღესვე წავალ სოფელში და გავალ დედას საფლავზე"- ნაზი ბოჭორიშვილი.

"სოფელში რომ წავიდე ამისთვის ფულია საჭირო, მე კიდევ უკვე 1 თვეა არ ვმუშაობ, რითი უნდა წავიდე, მანქანა მე არ მყავს და ტაქსის ფული მე არ მაქვს, სხვა ტრანსპორტი კიდე არ დადის. თუ ყველაფერი კარგად იყო იქნებ ზაფხულში მაინც წავიდე და საფლავსაც მივხედო"- ნელი უგრეხელიძე.

"ვერ მივდივარ და გული ძალიან მწყდება, აქ გავალ ტაძარში და სანთელს დავუნთებ ჩემს მიცვალებულებს"- მაკა გულუა.

"აუცილებლად წავალ სოფელში და გავალ ბებია ბაბუის საფლავზე, გული იმაზე მწყდება რომ ბავშვებს ვერ წავიყვან, რადგან 3 -ზე მეტნი თუ ვიქნებით 3000 ლარით დაგვაჯარიმებენ, ჯარიმას კიდე ვერ გადავიხდით, ამიტომ მარტო მე და ჩემი მეუღლლე წავალთ"- ნინო მორჩილაძე.

„ვიცით რომ იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, სოფელში, საფლავებზე კიდევ ყოველთვის ხალხმრავლობაა, წელს გამონაკლისს დავუშვებთ და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის არ წავალთ სოფელში "- მაკა ნოზაძე.

"ბევრი მიზეზის გამო მიწევს ყოველწლიურ ტრადიციაზე უარის თქმა. პირველ რიგში კი ეს მიზეზია სატრანსპორტო აკრძალვები. ერთადერთი საშუალება, რომ გადავაადგილდე ტაქსია, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამ თანხას კიდევ გადავიხდიდი, თუმცა ვითვალისწინებ რას ემსახურება ეს აკრძალვები და ვამჯობინებ მოვერიდო კომუნიკაციას, რომელიც თუ წავალ, ჭარბად მომიწევს. ვფიქრობ, სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს თითოეულმა ჩვენგანმა და სახლიდან გავიდეს უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ხშირად, ვირუსი მიმდინარეობს უსიმპტომოდ, შეიძლება ფიქრობდე, რომ არაფერი გჭირს, თუმცა ეს ასე არ იყო და დააინფიცირო ათობით ნათესავი, რომელიც, სავარაუდოდ, სოფელში შეგხვდება. მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს დღესასწაული, თუმცა მას აუცილელად შევხვდებით ძველებურად მომავალ წელს, თუკი წელს ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებს დავიცავთ"- თამარ გაჩეჩილაძე.

"გავიჭირვები და წავიდოდი სოფელში მაგრამ როგორც მოგეხსენებათ სოფლებში ასეთი ტრადიციაა რომ ერთმანეთის ახლობლების საფლავზე გადადიან ხოლმე, მე კი მოვერიდები, მაგრამ ჩვენი ნათესავები ვიცი მოვლენ, ამიტომ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის წელს შევიკავებ თავს და არ წავალთ"- ცისნამი გოგობერიშვილი.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ავტობუსებს, მიკროავტობუსებსა და მატარებლებს.

საბჭოს რეკომენდაციები ეხება ტაქსებსაც. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურული არ უნდა იყოს. ასევე, მძღოლმა უნდა გადაიყვანოს მაქსიმუმ ორი მგზავრი, რომლებიც მოთავსებული იქნებიან უკანა სავარძელზე დისტანციის დაცვით.

ეს გადაწყვეტილებები უწყებათაშორისმა საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა.