როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა

2020-04-09 21:17:12

ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია დედა-შვილი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.

მისივე თქმით, 40 წლამდე ქალი და 10 წლის მოზარდი თურქეთიდან 5 დღის წინ დაბრუნდნენ. ისინი სარფის საბაჟოდან საკარნტინო ზონაში მოათავსეს, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ კი კორონავირუსზე გამოიკვლიეს.

მათი ყველა კონტაქტი ცნობილია, მეთვალყურეობის ქვეშ ოჯახის კიდევ ორი წევრი იმყოფება. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დედა-შვილი კლინიკა „მედალფაში“ არიან მოთავსებულები, სადაც ჯამში 16 პაციენტი მკურნალობს.

ინფიცირებულთა შორის ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, 6 მათგანს პნევმონია აქვს.

შეგახსენებთ, რომ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.