რუსთავში საწარმოებს შეამოწმებენ

2020-04-06 13:03:13

იმ საწარმოებში, რომელთაც ფუნქციონირების გაგრძელების უფლება მიეცათ, შემოწმებები ჩატარდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას თქმით, უსაფრთხოების სტანდარტებზე დღეში დაახლოებით 50 საწარმო შემოწმდება.

“ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექნიკური ზედამხედველობა, ასევე მუნიციპალური ინსპექციები, გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები, რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას. პირველ რიგში, ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებიდან, რომლებსაც მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს, რა თქმა უნდა, აკისრებს მათ დამატებით პასუხისმგებლობას, ამიტომაც დავიწყებთ შემოწმებას ამ მსხვილი სისტემური საწარმოებიდან, რომ დავრწმუნდეთ, ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა. ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით დღეში შევძლებთ 50-მდე საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, პროცესი საკმაოდ შრომატევადია, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა, მისივე განცხადებით, დრო სჭირდება ბიზნესსაც უსაფრთხოების სტანდარტებზე გადასაწყობად.

“ეს არის ინვესტიცია, რომელიც არ დაგეკარგებათ მეწარმეებო, იმიტომ, რომ ეს სამომავლოდ იქცევა ცხოვრების წესად. სწორედ ამიტომ, გამოიყენეთ ეს დრო და კარგად მოემზადეთ”, - აცხადებს თურნავა.