კორონავირუსით ინფიცირებული 7-ვე რუსთაველი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ “ინფო რუსთავს” იმ კლინიკებში განუცხადეს, რომლებშიც რუსთავიდან შეყვანილი ვირუსით ინფიცირებული პირები არიან მოთავსებული.
ყველაზე პატარა “covid 19”-ის დიაგნოზის მქონე რუსთაველი პაციენტი 13 წლისაა, ხოლო ყველაზე ასაკოვანი 70 წლის. ექიმების თქმით, ვირუსი განსაკუთრებით მსუბუქად მიმდინარეობს მცირეწლოვანის შემთხვევაში, რომელიც რუსთავის საკრებულოს წევრის შვილია. ასევე ექიმების ინფორმაციით, არც ერთ პაციენტს რაიმე ტიპის გართულება არ აღენიშნება.
#1 პაციენტი რუსთავიდან 50 წლამდე ქალი გახლავთ, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. ქალი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში იყო დასაქმებული და მას შემდეგ, რაც სამსახურში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. აღნიშნულ შემთხვევაში კონტაქტების წრე ვიწროა.
#2 პაციენტი 70 წლამდე ასაკის ქალი, რუსთავის საკრებულოს წევრის დედაა. ის ერთ-ერთია თბილისის ეროვნული ბანკის იმ 7 თანამშრომლიდან, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ. მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდათ ბანკის თანამშრომლის მეუღლეს, შვილს - რუსთავის საკრებულოს წევრს და ქალის შვილიშვილს, რომელიც დეპუტატის 4 შვილიდან ერთ-ერთია.
რუსთავთანაა კავშირში ასევე ეროვნული ბანკის თანამშრომლისა და მისი მეუღლის, სასწრაფოს ექიმის შემთხვევა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმი თბილისში იყო დასაქმებული, თუმცა ცოლ-ქმარი რუსთავში ცხოვრობდა.
საერთო ჯამში, რუსთავში ინფიცირებული 7 პაციენტის 70-მდე კონტაქტია გამოკვეთილი. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები პირები თვითიზოლაციის მკაცრ პირობებში იმყოფებიან და მიმდინარეობს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინტენსიური დაკვირვება.