ვითარება რუსთავის ცხელების ცენტრში

2020-04-05 20:27:18

გაიზარდა თუ არა რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსის ინფექციაზე, რუსთაველი, საეჭვო პაციენტების მიმართვიანობა - "ინფო რუსთავის" კითხვას ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ უპასუხა.

პაპუნა ბახტაძემ "ინფო რუსთავთან" საუბრისას განაცხადა, რომ მიმართვიანობის მხრივ, პაციენტების მატება არ აღინიშნება. მისი თქმით, არიან პაციენტები, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მაღალი სიცხე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმე გვაქვს ახალ კორონავირუსთან.

"თუ არის ისეთი პაციენტი, რომელსაც შეიძლება სიცხე ჰქონდეს, მაინცდამაინც კორონავირუსი ხომ არ ექნება. იკრიბება ანამნეზი და კლინიკური სიმპტომების შემოწმება. თუ ეჭვია, რომ დიდი ალბათობით არის ვირუსი, ვათავსებთ ბოქსირებულ განყოფილებაში. სრულიად სხვა შესასვლელით, გვაქვს იზოლირებული სივრცე. პაციენტების მოთავსება იზოლირებულ პალატებში ხდება. ჩვენთან ხდება დაკვირვება და ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლების გამოძახება. ტესტირების საფუძველზე, გადაწყვეტილების მიღება.", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.

პაპუნა ბახტაძემ აღნიშნა, რომ რუსთავის ცხელების ცენტრში, 15 პაციენტი მოათავსეს, რომელთაგან 9 პირი თბილისის აეროპორტიდან, 1 სადახლოს მხრიდან შემოიყვანეს, ხოლო 5 პაციენტი საერთო დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.

თბილისის აეროპორტიდან, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილ პაციენტებთან დაკავშირებით, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ: - ეს პაციენტები ქვეყანაში, როგორც ინფიცირებულები არ შემოსულან. ეს ძალიან კარგია. ეს ადამიანები გადაყვანილი არიან ისევ საკარანტინო სივრცეში. 14 დღის განმავლობაში ისევ დაკვირვების ქვეშ იქნებიან. თუ 14 დღის განმავლობაში სიტუაცია სტაბილური იქნება, თავის სახლებს ჯანმრთელები დაუბრუნდებიან.