რუსთავის მეორე დიაგნოსტიკური ცენტრი 112-ის სისტემაში ჩაერთო. პირველი მორიგეობა პოლიკლინიკის მედპერსონალმა 2 აპრილს ჩაატარა.
ცენტრის ოჯახის ექიმებმა ონლაინ კონსულტაცია გაუწიეს 27 მოქალაქეს, რომლებმაც 112-ში ზარი ქვემო ქართლის რეგიონიდან განახორციელეს. მუშაობა სწორედ ამ პრინციპით გაგრძელდება.
როგორც დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი მანანა კაპანაძე აცხადებს, 27 შემთხვევიდან 1 განსაკუთრებით საყურადღებო იყო, რადგან პაციენტს ცხელებასთან ერთად ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც, ექიმების გადაწყვეტილებით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მასთან ბინაზე მივიდა.
დიაგნოსტიკური ცენტრის ექიმების მოვალეობაში შევა პაციენტისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა. მანანა კაპანაძის განცხადებით, უკვე შეიქმნა შემოსული სატელეფონო ზარების რეესტრი და ოჯახის ექიმები ვალდებულები არიან, მოქალაქეებს სატელეფონო კონსულტაციები, პირველი საუბრიდან, მე-3, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს გაუწიონ. ზარების მიზანი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგია.
დიაგნოსტიკური ცენტრი სისტემაში 2 აპრილს, 11:00 საათზე ჩაერთო და ცვლა ექიმებმა 3 აპრილს, 09:00-ზე დაასრულეს. პოლიკლინიკის ხელმძღვანელის ცნობით, დისტანციური კონსულტაციების სისტემაში 16 ექიმია ჩართული, თუმცა, მანანა კაპანაძის ვარაუდით, ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება და დანარჩენი 24 ოჯახის ექიმის გადამზადებაც მოხდება.