31 მარტიდან კომენდანტის საათი ამოქმედდება

2020-03-30 17:34:21

საქართველოს პრემიერ-მინისტრის,გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 6:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი. საყოველთაო კარანტინის რეჟიმის დროს ღამის საათებში მხოლოდ აფთიაქები იმუშავებენ “, - განაცხადა გახარიამ.

საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ეკლესიებში მსახურების შესახებაც ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, ადამიანის სიცოცხლე არის უმაღლესი ღირებულება. მისივე თქმით, აუცილებლად მოიძებნება კომპრომისი წირვა-ლოცვის ჩატარების საკითხზე.

„იყო კომუნიკაცია საპატრიარქოსთან და ამის შედეგია, რომ ეკლესიებმა დააწესეს წესები, მოახერხა და მოახდინა ეზოების რადიოფიცირება, რათა მრევლს შეეძლოს გარეთ ყოფნა და მოსმენა. ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობა რის მოქალაქეების უსაფრთხოება, როცა საკითხი ეხება სიცოცხლეს, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება რაიმე იყოს ეკლესიისთვის ან მთავრობისთვის რაიმე უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი 31 მარტის 21:00 საათიდან გამოცხადდება.