საბავშვო ბაღებიდან სურსათის გაცემა მიმდინარეობს

0000-00-00 00:00:00

" 2 300 ბავშვზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია თანხა. მიმდინარეობს ბაღებში პროდუქციის შემოტანა და დახარისხება კალათების მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება ამის განაწილებაც", - ასე უპასუხა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" გადაცემაში ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქციის განაწილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა მკითხველმა გადაცემის მიმდინარეობისას ოფიციალურ ფესიბუქ გვერდზე გამოაგზავნა კითხვა, სადაც წერდა, რომ ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები არათანაბრად  გაუნაწილდათ.

"მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტა მერმა, რომ ბაღებში დარჩენილი პროდუქტი მხოლოდ სოც. დაუცველებს, მრავალშვილიანებს და მარტოხელებს სჭირდებათ. დანარჩენი ბავშვების ოჯახებს ბერვი აქვს? ყველას უნდა დაეხმაროთ, თუნდაც ერთჯერადად, ვისაც არუ ნდა უარს იტყვის", - წერდა მკითხველი.

საპასუხოდ კი მერმა განაცხადა, რომ საკვები პროდუქტები პირველ ეტაპზე მოწყვლად ჯგუფებს  გადაეცათ.

"პირველი ეტაპი, რითიც დავიწყეთ, ეს იყო მოწყვლადი ჯგუფები, 950 ბავშვზეა საუბარი. აქ არ ხდება მხოლოდ ბაღებში კვების თანხით ამ პროდუქტის შეძენა. დაახლოებით 3 სახის პროდუქციაა, რომელიც შეიძლება ბაღის სახსრებით გადაეცეს ოჯახს, დანარჩენი 10 სახის პროდუქციას მუნიციპალიტეტი ყიდულობს პირადად მერის სარეზერვო ფონდიდან. ზუსტად ამით ხდება შევსება იმ კალათების, რომლებიც მიეწოდა პირველ ეტაპზე 950 ბავშვს, მოწყვლად ჯგუფს. მე ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება სიტყვა სიურპრიზს, რომელიც რატომღაც არასწორად იყო აღქმული და გაგებული, ცალკე 2 300 ბავშვზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია ფული. მიმდინარეობს შემოტანა ბაღებში პროდუქციის და დახარისხება კალათების მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყება ამის განაწილებაც. ბევრია სოფელში გასული და ამის აღრიცხვა ხდება, ჩვენ გვაქვს გეგმა-გრაფიკი, რომლსაც მივყვებით. აქ მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ თუ ბავშვი ბაღში არ დადის 1-2 თვე,  შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ოჯახს არა აქვს იმის პრობლემა, ბაღში მოიყვანოს ბავშვი  და სამჯერადი კვებით ისარგებლოს უფასოდ", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ცოტახნის წინ ბაგა ბაღების გაერთიანებამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია რომ საბავშვო ბაღებიდან სურსათის გაცემის მეორე ეტაპი მიმდინარეობს და პროდუქტს მიიღებს 2300 აღსაზრდელის ოჯახი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროდუქტს მიიღებს რუსთავის ბაგა-ბაღებში ჩარიცხული ყველა ბავშვის ოჯახი.