დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყარო უცნობია. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ერთ შემთხვევაში პირველწყარო, სავარაუდოდ, დადგინდება, თუმცა ორში, დიდი ალბათობით, ეს ვერ მოხერხდება.
გამყრელიძის თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკვე დადის ინფიცირებული ადამიანი, რომელიც სხვებს ასნებოვნებს, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა.
„სამი შემთხვევის პირველწყარო არ ვიცით. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ პირველწყაროს, ისიც უკვე იზოლირებულია და არის შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით, ვერ დავადგენთ. ანუ ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცენდენტი. არის ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში, ის უკვე სხვას ასნებოვნებს. ამიტომ თვითონ ეს ფაქტია უკვე ძალიან საყურადღებო და საგანგაშო“, -განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
გამყრელიძის განცხადებით, დიდია საფრთხე ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების.
„მომავალი ერთი თვე, ოთხი კვირა, ემთხვევა ყველაზე დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. ამიტომ მიუხედავად ყველაფრისა, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე, უნდა დავემორჩილოთ მოწოდებებს და აუცილებლად უნდა მივყვეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს. თუ არადა, ამ ოთხი კვირის განმავლობაში დიდია საფრთხეა ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების დაწყებისა. ვუყურებ, რომ მოსახლეობა ცოტა მოეშვა, დადიან ქუჩებში მანქანით თუ ფეხით, კვლავ იკრიბებიან... მაგრამ ქვეყანა არის საგანგებო ვითარებაში. ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეპიდემია ისედაც არის. ვართ ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე. ეს შეიძლება გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორსაც ადგილი აქვს იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში... ყველა ხედავს რაც ხდება იქ. არადა, ეს ქვეყნები არიან გაცილებით ძლიერები ეკონომიკურად, ჯანდაცვის სისტემით, ვიდრე საქართველოა. რეალური საშიშროების წინაშე ვართ“ - ამბობს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველას, დაიცვას ის რეჟიმი, რასაც მოითხოვს სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო.
„ეს მარტივია: სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი იარაღი ეპიდემიებთან ბრძოლაში. უნდა გავიჭირვოთ სულ მინიმუმ ორი თვე მაინც, დავრჩეთ სახლებში. განსაკუთრებით ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები და, რაც მთავრია, მკაცრად დაიცვას ყველამ კარანტინით განსაზღვრული წესები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.