არის თუ არა მზად რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო სპეციალური მზადყოფნის რეჟიმზე გადავიდეს და პაციენტები მიიღოს - "ინფო რუსთავი" აღნიშნული კითხვით ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს პაპუნა ბახტაძეს დაუკავშირდა.
პაპუნა ბახტაძეს თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში ყველა ის პირობაა შექმნილი, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს კარანტინის რეჟიმზე გადასვლა და პაციენტების მიღება.
"ჩვენთან ჯერჯერობით ამის საჭიროება არ დგას. თუ მოხდა რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ჩვენი მხრიდან ინფორმაცია. იციან, რომ ინფექციური ცენტრი ჩვენთან არის, ჩვენ გვაქვს რესურსი იმის, რომ მთლიანად გადავეწყოთ ამ სიტუაციაზე თუ თქმა უნდა სხვა სამედიცინო დაწესებულებები გადაინაწილებენ გადაუდებელ და მიმდინარე პაციენტებს. ჩემი აზრით, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება საველე ჰოსპიტალის შექმნა, რადგან მიმდინარე პაციენტების მართვა საკმაოდ რთულია დღესდღეობით. მაგრამ თუ მაინც გამოსავალი არ იქნა ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ, გვაქვს საკმაო რაოდენობის სუნთქვის აპარატი, შეგვიძლია გადავაწყოთ რამდენიმე კიდევ დამატებით. თუმცა ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არ იქნება, რადგან ჩვენთან სიტუაცია საკმაოდ წყნარად მიმდინარეიბს", - განაცხადა პაპუნა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ცხელების ცენტრები საქართველოში ყველა რეგიონისთვის მომზადდება. მისი თქმით, ქვემო ქართლის რეგიონში ამ დროისთვის კლინკების მობილიზაცია მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება სია.