საქართველომ 215 000 ტესტის შესაძენი ხელშეკრულება გააუქმა

2020-03-27 14:04:21

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის 215 000 სწრაფი ტესტი, რომელიც ქვეყანას უნდა შეეძინა უხარისხობის გამო მწარმოებელმა კომპანიამ უკან გაიწვია. მოხდა ასევე კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ანულირება.

"ეს კომპანია არის საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, გამოაქვეყნა ნოტა და თავისი როდუქცია თავად გაიწვია უკან, ყველა ბაზრიდან, სადაც ის იყო გაყიდული.
საქართველოს ჰქონდა დადებული ხელშეკრულება ამ კომპანიასთან, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ჩვენ მათი ტესტები ლუგარის ლაბორატორიაში არ გვაქვს. ასევე, გვინდა დაავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები - ნებისმიერი ტესტი, რომელიც შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, მოწმდება ლუგარის ლაბორატორიაში. ვაკვირდებით მათ სანდოობას და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ მოქალაქეებში.
თანხა არ გადარიცხულა ამ კომპანიაში, ხელშეკრულება ანულირებულია. არის მოლაპარაკება სხვა კომპანიასთან, რომელთანაც ვმუშაობთ იგივე პრინციპით, გამოაგზავნიან პირველ 2 000 ტესტს. იმ შემთხვევაში, თუ მათი სანდოობა იქნება ჩვენი მხრიდან დამტკიცებული და მაღალი, ვიყიდით დამატებით ტესტებს",
- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსის მწარმოებელმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ესპანეთში გაგზავნილი სწრაფი ტესტები უხარისხო გამოდგა.