კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

2020-03-19 11:03:03

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 2-ით გაიზარდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში შემდეგი ვითარებაა:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 40

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1

კარანტინის რეჟიმში - 1344

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216

ინფორმაციას stopcov.gov.ge ავრცელებს

"როგორც თქვენთვის ცნობილია, ქვეყანაში ინფიცირებული 40 პაციენტია, მათგან ჩვენთან 31 პაციენტი იმყოფება. 31-დან 3 პაციენტი არის პრობლემური და მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი პაციენტი არის 80 წელს გადაცილებული და აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს და პროგნოზი გახდეს არაკეთილსაიმედო. გარდა ამ ქალბატონისა, კიდევ 2 პრობლემური პაციენტი გვყავს. მათთანაც არსებული დაავადება ერთთან არის ჰიპერტონული და მასთანაც შეიძლება დაავადების გართულება და პროგნოზულად მძიმე გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, მაგრამ დინამიურად გაუარესებული გვაქვს მაჩვენებელი. იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევებში ყველაფერი კარგად დამთავრდება. რაც შეეხებათ დანარჩენებს, ნაწილთან არის საშუალო სიმძიმის პნევმონიები და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის. ყველასთან მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და ველოდებით, რომ დადგება სტაბილურობა", - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.