რას აცხადებს რუსთავის მერი

2020-03-19 13:21:18

"ინფო რუსთავს" მოსახლეობის ნაწილი დაუკავშირდა და სთხოვა, ხმა მიეწვდინა შესაბამისი სამსახურებისთვის, რომ გაკონტროლდეს რუსთავის სასურსათო მაღაზიებში პროდუქტებზე ფასები.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, იმ ფონზე, რაც ქვეყანაში გაზრდილია სურსათზე მოთხოვნა, გარკვეულ პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა როგორც რუსთავის აგრარულ ბაზარზე, ისე არაქსელურ (ე.წ. უბნის) და ქსელურ სასურსათო მაღაზიებში.

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ "ინფო რუსთავის" კითხვის საპასუხოდ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არაქსელურ მაღაზიებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. რაც შეეხება ქსელურ მაღაზიებს, ტაბაღუას თქმით, თვითნებურად აღნიშნულ ობიექტებს ფასები არ გაუზრდიათ.

"დისტრიბუტორებმა შემოიტანეს საქონელი სხვა ღირებულებით და მხოლოდ ამ პროდუქციაზე მოხდა ფასნამატის განსაზღვრა. სავაჭრო ობიექტებს შემოტანილ პროდუქტზე დამოუკიდებლად ფასი არ აუწევიათ. ეს საკითხი მე პირადად გავაკონტროლე", - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერმა სპეციალურ ბრიფინგზე ქალაქში არსებულ სურსათი მარაგზეც ისაუბრა.

"მქონდა ბიზნესთან შეხვედრა. რამდენიმე მსხვილ სავაჭრო ცენტრში ვიყავი კიდეც, სადაც ნაშთის პრობლემა ამ ეტაპისთვის არ არსებობს. მაღაზიები არ არიან თვითონ იმპორტიორები, თუმცა მათ საქონლის დეფიციტის პრობლემა ამ დროისთვის არ აქვთ. ეს პანიკა არ ნიშნავდა იმას, რომ ვიღაც გაიქცა, საჭმელი იყიდა და სახლში ჩაიკეტა. აღმოჩნდა, რომ მოსახელეობის ნაწილი გავიდა ქალაქიდან. ეს ძალიან კარგია, არდადეგებია, გაზაფხულია და ბავშვები სუფთა ჰაერზე წაიყვანეს. პროდუქტის მასიური ყიდვა გამოწვია სოფლად გადინება", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.