ერთი შეხედვით, ახალი კორონავირუსის, „ჩვეულებრივი გრიპისა“ და „მარტივი გაციების“ სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. თუმცა განსხვავება ნამდვილად არსებობს. ამ პერიოდში მოსახლეობისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, კონკრეტულად რით განსხვავდება ახალი კორონავირუსი ჩვეულებრივი გაციებისგან ან გრიპისგან? [ვიდეო/video]
საკითხთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" "კლინიკა რუსთავის" ეპიდემიოლოგს, მაია როგავას ესაუბრა.
ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი აუცილებელი სიმპტომია მშრალი ხველა.
ასევე ტიპური სიმპტომია ტემპერატურა, რომელიც სიმპტომების გამოვლენის პირველ დღეებში დაბალია.
"რაც კორონავირუსს განასხვავებს სხვა გრიპისმაგვარი დაავადებებისგან და გრიპისაგან, არის პირველ რიგში მშრალი ხველა. გარდა ამისა, კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ტემპერატურა, რომელიც პირველ დღეებში არის დაბალი და შემდეგ იწევს მაღლა, თუმცა ესეც არ არის აუცილებელი პირობა. აუცილებელი პირობა მშრალი ხველაა და სუნთქვის გართულება. ყელის ტკივილიც შეიძლება არ იყოს გამოკვეთილი კორონავირუსის დროს. სურდო შესაძლებელია საერთოდ არ ახასიათებდეს. გრიპის დროს რომ გვაქვს საერთო სისუსტე, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში გვაქვს გაძლიერებული საერთო სისუსტე", - აცხადებს "ინფო რუსთავთან" მაია როგავა.
ეპიდემიოლოგის თქმით, "კლინიკა რუსთავი" სრულ მზადაყოფნაშია დახვდეს საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს მათი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადამისამართება, თუმცა მსგავსი შემთხვევა ჯერ საავადმყოფოში არ დაფიქისრებულა.