კორონავირუსისგან პირველი პაციენტი განიკურნა

2020-03-14 10:58:23

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, პაციენტს, რომელსაც საქართველოში COVID19-ით ინფიცირება პირველად დაუდასტურდა, განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა, კვლევის შედეგების მიხედვით, მამაკაცი კორონავირუსით ინფიცირებული აღარაა და ის გამოჯანმრთელდა.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, პაციენტთან ტესტირება გუშინ განმეორდა, პასუხი კი უარყოფითი მიიღეს.

"იცით, რომ პირველი პაციენტი, რომელსაც დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი, ეს იყო 26 თებერვალი, მასთან ტესტი მე-14 დღეს გაკეთდა და მაშინ მივიღეთ პასუხი მცირე კონცენტრაციით. მასთან ტესტირება გუშინ განმეორდა და პასუხი მივიღეთ უარყოფითი. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით, პროტოკოლურად აუცილებელია, რომ 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ტესტირება და თუ მეორედაც უარყოფით პასუხს მვიიღებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია. იმედი გვაქვს, რომ ეს მართლაც ასე იქნება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.