რუსთავში არსებული რესტორნებისა და კაფე-ბარების ნაწილმა, ქვეყანაში ბოლო დროს კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო, შესაძლოა დროებით ფუნქციონირება შეწყვიტოს.
"ინფო რუსთავი" სხვადასხვა ობიექტების მენეჯერებს ესაუბრა და გაარკვია, რომ მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა ზოგიერთ რესტორანში, თუმცა ვიზიტორების კლება შედარებით ნაკლებად შეინიშნება რუსთავის კაფე-ბარებში.
როგორც ქალაქში არსებულმა ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, თუ ობიექტს გასულ კვირებში, დღეში საშუალოდ 100 ადამიანი სტუმრობდა, ახლა ეს რიცხვი 10-ს არ აჭარბებს. აღნიშნული ობიექტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა ზარალზე მუშაობენ და თუ ასე გაგარძელდა, მოუწევთ ფუნქციონირება შეაჩერონ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავში არსებული ერთ-ერთი ობიექტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რესტორნაში 3 და 8 მარტს თითქმის ყველა ჯავშანი გაააუქმეს, თუმცა როგორც აღნიშნულ დაწესებულებაში ამბობენ, ზარალზე მუშაობის შემთხვევაშიც, ფუნქციონირებას არ შეწყვეტენ, თუ ეს მთავრობის განკარგულება არ იქნება.
"ინფო რუსთავთან" საუბარში კაფე-ბარებისა და რესტორნების მენეჯერები აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო, დაწესებულებებში განსაკუთრებით გამკაცრებულია ჰიგიენური ნორმები.