სასწავლო დაწესებულებებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოზე მიიღეს.
"1. საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.
2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.
საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.“-ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დაფიქსირებული.