კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა დადასტურდა

2020-03-09 10:46:32

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა.

როგორც საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდზე – stopcov.ge-ზე არის აღნიშნული, საქართველოში ახალი კორონავირუსის 15 შემთხვევა ფიქსირდება.

თბილისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, მარიამ ენდელაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ორი პაციენტი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, დამაკმაყოფილებელია. ენდელაძის თქმით, აღნიშნული მოქალაქეების კვლევის შედეგები ლუგარის ლაბორატორიიდან კლინიკამ გვიან ღამით მიიღო. როგორც მან აღნიშნა, პაციენტებს იტალიასთან ჰქონდათ კონტაქტი.


"იმ ორი ახალი პაციენტიდან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთი იტალიიდან ჩამოსულების კლასტერიდანაა, მეორე კი ესპანეთიდან ჩამოვიდა, სადაც იტალიელებთან ინტენსიური კონტაქტები ჰქონდა. ორივეს სიცხე, დაბალი ტემპერატურა, ზომიერად გამოხატულა ხველა აქვს. აუცილებლად გაგრძელდება მათზე დაკვირვება, ყურადღებით უნდა ვიყოთ", - განაცხადა
მარიამ ენდელაძემ.

ამასთან, stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 141 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 51 პაციენტი.