სტუდენტების მოთხოვნა და უნივერისტეტების გადაწყვეტილება

2020-02-29 14:51:38

კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა. აღნიშნული გადაწყვეტილების ფონზე, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ სტუდენტთა დიდი ნაწილი სასწავლო პროცესის გადადებას ითხოვს უნივერსიტეტებშიც.

ვინაიდან შაბათი არასამუშოა დღეა, "ინფო რუსთავმა" ოფიციალური პასუხის მიღება კერძო თუ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების გარკვეული ნაწილისგან ვერ მოახერხა, თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტომ გავარკვია:

2 მარტის ნაცვლად, 16 მარტს დაიწყება სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, ევროპის და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებში, ხოლო 9 მარტამდე გადაიდო საგაზაფხულო სემესტრის დაწყება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ). 

2 მარტს იწყება სწავლა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ადმინისტრაციას სტუდენტებისთვის სწავლის გადადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუწოდებია, ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც.

24 თებერვალს დაიწყო საგაზაფხულო სემესტრი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უნივერსიტეტში სწავლის დროებით შეწყვეტა არ იგეგმება. ანალოგიური მდგომარეობაა ღია უნივერსიტეტშიც.

17 თებერვალს დაიწყო საგაზაფხულო სემესტრი საქართველოს უნივერისტეტში და ასევე არ მიუღიათ სტუდენტებს არანაირი ინფორმაცია სწავლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, საგაზაფხულო სემესტრი აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში 16 მარტს იწყება.

აღსანიშნავია, რომ სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც აძლევს პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციას. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, თუ სამუშაოების ჩატარება მოითხოვს გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, უნივერსიტეტებმა თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.