რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ინფექციურ საავადმყოფოს

2020-02-04 11:13:33

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს აქვს ახალი კორონავირუსის დასადგენი რეაგენტი, ე.წ. ტესტსისტემა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"საქართველოში კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაკვირვების ქვეშ იყო 6 ადამიანი, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო 2 ადამიანი, რომლებიც ქალაქ უხანში იყვნენ ნამყოფი. ყველას ჩაუტარდა კვლევა და დილის პასუხებით, ორივე შემთხვევა უარყოფითია. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორების, გერმანიის დახმარებით უკვე ჩამოვიდა რეაგენტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ მეხუთე კვირაში სეზონური გრიპით დაავადებულთა რაოდენობა შემცირებულია, თუმცა მწვავე რესპირატორული სინდრომით ჰოსპიტალიზაციის საერთო წილი გაზრდილია 28%-დან 32,6 %-მდე. მისი განცხადებით, მაღალი რისკის დაახლობით 100 ათასი ადამიანია აცრილი და რაც ყველაზე მთავარია ამ სეზონზე ორსულთა აცრის მაჩვენებელი გაორმაგებულია.

„ჩვენ კიდევ გვაქვს ვაქცინების რაოდენობა სტრატეგიულ მარაგში და მოსახლეობას და ორსულ ქალებს მოვუწოდებ, რომ აიცრან, რადგან გრიპის სეზონი ჩვენთან გრძელდება მარტის ბოლო, აპრილის შუა რიცხვებამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე მოსახლეობას აძლევს რჩევას, რომ ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ჩინეთში და აქვს ხველა და მაღალი ტემპერატურა, მიმართოს ინფექციურ საავადმყოფოს. მისი თქმით, ვირუსების სეზონი გრძელდება და მთავარი რჩევა მოსახლეობისთვის არის ის, რომ მათ რაც შეიძლება ხშირად დაიბანონ ხელები და დაიცვან ჰიგიენური ნორმები.