ბოლო მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 200-ს გასცდა, ხოლო დაინფიცირებულია 9,600. ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გამოცხადებული, დღეს მთელს მსოფლიოზე გავრცელდა.
ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა, იმ 4 ადამიანზე, რომელსაც საქართველოში კორონავირუსზე ტესტი უტარდებოდათ. გამყრელიძის ინფორმაციით, ყაზბეგიდან გადმოყვანილ ორ ტყუპ ჩინელ ბავშვს ტესტირებით დაუდგინდა A ტიპის H1- ვირუსი. რაც შეეხება 2 ქართველს მათაც ტესტირების შედეგად არ უდგინდებათ კორონავირუსი.
" გადმოყვანილები სწრაფი ტესტით დაიტესტნენ გრიპზე და აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. გუშინ საღამოსთვის მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და დღეს მათი ჯანმრთელობა, შეიძლება ითქვას, არის სრულად დამაკმაყოფილებელი. ტესტირება ჩაუტარდათ ორჯერ. იმის გამო, რომ ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს კორონავირუსის სუბტიპი, რომელიც დღეს ტრიალებს ჩინეთში, ჩვენ მაინც მივიღეთ გადაწყვეტილება მიუხედვად იმისა, რომ ეს ადამიანები სრულად ჯანმრთელები არიან, მათი RNM- გადაიგზავნოს როტერდამში, სადაც მოხდება გატესტვა კორონავირუსის იმ სუბტიტზე, რათა დავრწმუნდეთ რომ გადმოყვანილები ჯანმრთელად არიან"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საჭიროა ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ამ ინფექციასთან ბრძოლისა და პრევენციისთვის.
„მოგეხსენებათ, გუშინ გვიან ღამით დამთავრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ჩინეთში და ჩინეთის გარეთ. საგანგებო კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა და ბატონმა ტედროსმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ეს მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის იყო 10 დღის წინ გამოცხადებული, გავრცელდა მთელს მსოფლიოზე. ანუ საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი მსოფლიო საფრთხედ გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით ვირუსი 20-მდე ქვეყანაშია გავრცელებული.