ეს ფაქტი არის კრიმინალური შემთხვევა. გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს და შესაძლოა, გამოიკვეთოს პოლიტიკური მოტივები, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკრებულში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილისა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
"ეს ფაქტი არის კრიმინალური შემთხვევა, რადგან ადგილი აქვს სავარაუდო დანაშაულს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება და აუცილებლად უნდა დაიწყოს, გამომდინარე იქიდან, რომ პირი, დაზარალებული არის პოლიტიკური პარტიის წევრი, შესაძლებელია, მოტივში გამოიკვეთოს ასევე პოლიტიკური მოტივები. ასეთი ტიპის საქმეს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, როდესაც დამატებით სხვა მოტივები იკვეთება და არა ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, სააეჩევნო წელი დაიწყო და თუ ასეთ ფაქტებზე არ იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე წელი გველოდება. ყველამ უნდა გავკეთოთ ყველაფერი, რათა ძალადობის ესკალაციას არ ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების" დეპუტატებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც ლევან ხაბეიშვილი აცხადებს მას ქართული ოცნების წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ მას ერთდოულად რამდენიმე ადამიანი ურტყავდა.
ლევან ხაბეიშვილს მძიმე დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს მიყენებული.