560 მილიონი ლარის წამლებს ვადა გაუვიდა

2020-01-11 12:44:19

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

თავად სააგენტოში აღნიშნულს ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან.

"პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“ („სოვალდი“), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან („ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების („სოფოსბუვირი“, „ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საკითხთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თანხა წარმოადგენს დონაციას და არა საბიუჯეტო თანხას. მისივე თქმით, საუბარია, 2013-2015 წლებზე, როდესაც ცე ჰეპატიტის პროგრამის მედიკამენტების ფასი დღევანდელთან შედარებით მაღალი იყო.

„იცით, რომ მე ვარ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი. მაგალითად, გველმა რომ დაკბინოს ადამიანი, მას უნდა გაუკეთო სპეციფიკური შრატი. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ გველის ტოქსინის საწინააღმდეგო შრატის დაახლოებით 200-300 დოზას, აქედან გვჭირდება წლის განმავლობაში დაახლოებით 10-15, დანარჩენის ჩამოწერა ხდება, მაგრამ ის უნდა გედოს სტრატეგიულ მარაგში, რომ დაგჭირდეს.

მეორე მაგალითი – დიქტერია, ერთ-ერთი ყველაზე სასიკვდილო დაავადება. ყოველწლიურად ვყიდულობთ რამდენიმე ათას შრატს და იქიდან ხდება შემდგომ ჩამოწერა, მაგრამ ეს შრატი უნდა გქონდეს. ერთი ავადმყოფიც რომ დაგეღუპოს დიქტერიით, რომ შრატი არ გაუკეთო, ხარ პასუხისმგებელი. უნდა იდოს ყველგან, იმ შრატს ვადა გაუვა, უნდა ჩამოწერო, ანუ ეს გახლავთ სტრატეგიული ე.წ. მარაგების არსებობა ქვეყანაში მთელ რიგ დაავადებებთან დაკავშირებით.

ჰეპატიტთან მიმართებაში არასწორი ინტერპრეტაციაა, ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა, რომ 560 მლნ ლარის წამალი ჩამოიწერა. ჯერ ერთი, ეს ბიუჯეტის ფული არ ყოფილა, ეს 560 მილიონი გახლავთ დონაცია და 560 მლნ გადაყვანილია ამერიკულ ფასებში. იმ დროს 2013, 2014, 2015 წლებში, მაშინ ღირდა აშშ-ს ბაზარზე ეს ფასი. დღევანდელი ფასები ამ წამლების უკვე საკმაოდ ქვემოთ არის ჩამოსული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქვე ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 2000 ადამიანის სამკურნალო მედიკამენტის ჩამოწერაზე.

როგორც გამყრელიძე ამბობს, სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა არსებობდეს მედიკამენტების გარკვეული რაოდენობა იმ შემთხვევისთვის, თუ პროგრამაში ჩართვას მეტი ბენეფიციარი მოინდომებს.

„როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქ ჩამოიწერა დაახლოებით 2000 ავადმყოფის სამკურნალო დოზა. ჩვენ ყოველთვიურად ვმკურნალობთ 1000-1200 ადამიანს, ანუ სტრატეგიულ მარაგში ყოველთვის უნდა გვქონდეს გარკვეული რაოდენობა, რადგან ვცდილობთ როგორმე ყოველთვიურად ჩართვის მაჩვენებელი ავწიოთ. ვინც გვაკრიტიკებს, მისამართები ვიცი, წამოგვყნენ და ერთად ვიმუშაოთ, რომ 16 000 ადამიანი, რომელიც ვიცით, რომ არის ანტიგენ დადებითი, არ მოდის სამკურნალოდ. იმ ადამიანებმა რომ გადაწყვიტონ მკურნალობაში ჩართვა, მარაგი ხომ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.