რამდენიმე დღის წინ, მარნეულში, 6 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა.
მარნეულში, 26 მაისის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში არსებული ბინები სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის, მენაშენეების პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შეისყიდა.
არსებული ინფორმაციით, დევნილი ოჯახები საცხოვრებელ ფართს მრავალი წლის მანძილზე ელოდებოდნენ, ახლა კი ისინი ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდებიან.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, საქართველოს პარლამენტში, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თამაზ ნავერიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა გადასცეს.
"დევნილ 6 ოჯახს წინასაახალწლოდ სანუკვარი და დიდი საჩუქარი ერგოთ წილად. მარნეულში აქტიურად მიმდინარეობს დევნილთა განსახლება და ვიცი რომ 2020 წელს სამინისტროს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები.
მინდა ყველა დევნილს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი, ვუსურვო საუკეთესო სურვილები, ასევე ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გამთლიანება, დაბრუნება ჩვენს დევნილებს მშობლიურ კუთხეებში, ხელისუფლება ზრუნავს, რომ ჩვენი დევნილები მაქსიმალურად იყვნენ უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრისით"- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
2019 წელს, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2097 დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო 803 ოჯახს დაუკანონდა.
ეს პროცესი 2020 წელს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
მომდევნო წელს, 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდება.