"ფეისბუქთან ვისაუბრეთ გაუქმებულ გვერდებზე"

2019-12-21 12:37:27

"სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დირექტორი მიხეილ ბენიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი გვერდებისა და ანგარიშები გაუქმებას ეხმაურება.

ორგანიზაციის დირექტორის თქმით, მათ უშუალოდ ჰქონდათ კონტაქტი “ფეისბუქთან” და დეტალურად ისაუბრეს გაუქმებულ გვერდებსა და პროფილებზე."

"ფეისბუქთან" (მათივე ინიციატივით), დეტალურად ვისაუბრეთ დღეს მათ მიერ გაუქმებულ გვერდებსა და პროფილებზე. ჩვენი წინასწარი ანალიზის შედეგად გაუქმებულია ISFED-ის ანგარიშებში შესული და მონიტორინგის ქვეშ მყოფი ცრუ მედია გვერდები და ცრუ მხარდაჭერის გვერდები თითქმის სრულად. ასევე, გაუქმებულია მადისკრედიტირებელი გვერდების დიდი ნაწილი, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე ათეული გვერდი, რომელთა შესახებაც ცალკე დავწერთ კიდევ. "ფეისბუქის" წარმომადგენლების თქმით, დღეს წაშლილი გვერდები ავლენდა კოორდინაციის მაღალ ხარისხს და ცალსახად იკვეთებოდა კავშირი სახელისუფლებო პარტიასთან. "ფეისბუქი" ასევე აგრძელებს არაავთენტური ქცევის შესწავლას და, სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის მერე კვლავ მიიღებს მსგავს ზომებს სხვა გვერდებთან და კოორდინირებულ ქსელებთან დაკავშირებით.

საარჩევნო და პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო სივრცის დაცვა მანიპულაციისა და დეზინფორმაციისგან, რაშიც "ფეისბუქს" შეუძლია უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულოს. კარგია, რომ საქართველო მათი ყურადღების ცენტრში მოექცა, თუმცა კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო. იმედია, "ფეისბუქის" აქტიური ჩართულობით, შევძლებთ 2020 წლის არჩევნების საინფორმაციო გარემოს გაჯანსაღებას და დაცვას მავნე ზეგავლენისგან. სამართლიანი არჩევნები (ISFED) გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და კიდევ უფრო აქტიურ კოორდინაციას ჩვენს სხვა კოლეგებთან ვისი მნიშვნელოვანი წვლილიც არის დღევანდელი შედეგი. მეთოდოლოგიურ და სტრატეგიულ მუშაობას აუცილებლად აქვს აზრი, რაც არ უნდა კომპლექსური გამოწვევები ახლდეს თან", - წერს სოც. ქსელში მიხეილ ბენიძე.