ერეკლე კუხიანიძეს უმრავლესობა დაატოვებინეს

2019-12-18 12:37:44

საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს, თუმცა, საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად დარჩება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო.

"ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ", - განაცხადა დავითულიანმა.

თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, მანდატის დატოვებას არ აპირებს და საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს. რაც შეეხება საკითხს ეთანხმება თუ არა ის საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებას - კუხიანიძე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს და ამბობს რომ უმრავლესობამ ის გადაწყვეტილება მიიღო რაც საჭიროდ ჩათვალა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დაწერა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას პროვოკაციის სუნი ასდის.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ ან პროვოკატორები. თქვენი დედაც“, – წერდა ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კუხიანიძის ამ განცხადებას ხმაური მოჰყვა თბილისის საკრებულოში. ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მოძრაობა „შეცვალესა“ და „გაბერეს” წევრებმა საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაიკავეს და ოთახში სტიკერები გააკრეს „ვაჟა ექიმი გმირია“. ამით აქტივისტები ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებებს აპროტესტებდნენ.