"ამ ცხოვრების დედაც"

2019-12-18 11:42:16

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე - “მწვანე სკოლაში” სწავლა მომდევნო კვირის ორშაბათამდე შეწყდა. ამის შესახებ მოსწავლეებს უკვე შეატყობინეს. სკოლაში გლოვის დღეა გამოცხადებული.

სკოლის ფასადზე აქციის მონაწილეებმა წარწერა "ამ ცხოვრების დედაც" დატოვეს.

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო. ექიმების თქმით, მოზარდს 17 დეკემბერს, 21:10 საათზე გაუჩერდა გული.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.