"თეთრი ხალათების" აქცია კლინიკა რუსთავში

2019-11-18 12:42:12

კლინიკა რუსთავის ეზოში "თეთრი ხალათების" აქცია მოეწყო. აქცია-პერფორმანსით სამედიცინო დაწესებულების მედ-პერსონალმა სოლიდარობა გამოუცხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს.

როგორც კლინიკა რუსთავის ექიმები აცხადებენ, ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულების გამო ექიმის დაკავება.

კლინიკა რუსთავი აქცია-პერფორმანსით შეურთდა საქართველოში არსებულ 60-ზე მეტ კლინიკას, სადაც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედს, ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ საქმე აღძრულია „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლი). დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.

სუს-ში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.